Tarsia


პროგრამა Tarsia-ს პაზლები ისტორიის გაკვეთილზე

ნებისმიერი ახალი აქტივობა 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის (და არა მარტო) რამდენად მნიშვნელოვანი და სახალისოა, ამაზე დიდად არ შევჩერდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს აუცილებელია. სწორედ აქედან გამომდინარე სულ სიახლის ძიებაში ვარ და ვცდილობ ახალი აქტივობებით გავახალისო ჩემი მოსწავლეების სასწავლო პროცესი.

 2019 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირების ხელშეწყობით ვიმყოფებოდი დანიაში პროექტის, „სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან თანამშრომლობით“ ფარგლებში, სადაც მომიწია დანიის სკოლების საშუალო საფეხურზე, გიმნაზიებში, ისტორიის გაკვეთილებზე დასწრება და დანიური საგანმანათლებლო გამოცდილების გაცნობა. 

პროექტის ფარგლებში გავეცანი პროგრამა Tarsia-ს, რომლის ფარგლებშიც შედგენილი პაზლები ძალზედ საინტერესო თამაში აღმოჩნდა ჩემი მოსწავლეებისათვის. რამდენჯერმე აღნიშნული აქტივობა გამოვაქვეყნე კიდეც სოციალურ ქსელში და ჩემი კოლეგების დიდი ინტერესი გამოიწვია. გადავწყვიტე შემოგთავაზოთ უფრო დეტალურად აღნიშნული პროგრამის შესახებ, რადგან ვფიქრობ პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარების საშუალებით გაცილებით უკეთესი თაობა გაიზრდება.

თამაშებით საკლასო ოთახში მრავალფეროვანი და განსხვავებული გარემო იქმნება. ძალიან მარტივი და სახალისო გზაა სწავლებისათვის, ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და უმაღლებს მოტივაციას.

 პროგრამის ასამუშავებლად საჭიროა იგი გადმოვწეროთ და დავაინსტალიროთ ჩვენს კომპიუტერში. ამისათვის უნდა ვეწვიოთ გვერდს შემდეგ მისამართზე: 

http://www.mmlsoft.com/index.php/products/tarsia

იქვე ჩამოტვირთვის ღილაკს დავაწკაპებთ 



 და ვიწყებთ პროგრამის ინსტალაციას. ინსტალაციის შემდეგ გავხსნით პროგრამას და გამოიტანს ორსვეტიან ფანჯარას.


        პაზლების ასაწყობად მარცხენა სვეტში ვირჩევთ Standard Jigsaw, ხოლო მარჯვენა სვეტში ნებისმიერ ფორმას, ჩვენს შემთხვევაში შევთანხმდეთ პირამიდის ფორმის პაზლზე სახელწოდებით Standard Triangular Jigsaw Puzzle, შემდეგ კი ვაწკაპებთ ღილაკს OK, რის შემდეგაც გამოტანილ გვერდზე

ვიწყებთ წყვილი მონაცემების შეყვანას, ისტორიის შემთხვევაში ძალიან კარგია თუკი ეს იქნება მოვლენა და თარიღი, ან თუნდაც მოვლენა და პიროვნება... შევავსებთ შესაბამისად მესამე სქრინზე გამოსახულ პირველ და მეორე რიგს, შემდეგ მარჯვენა მხარეს ჩამონათვალში არსებული გვერდების ნუმერაციით გადავდივართ შემდეგ გვერდზე და ანალოგიურად შევავსებთ 18 წყვილ გრაფას. შემდეგ ქვედა პანელზე (სქრინი 3) დავაწკაპებთ ღილაკს Solution-ს და ჩვენ მიერ შეტანილი ინფორმაცია დალაგდება პირამიდაში

 
ამ ფორმას ამოვბეჭდავთ სხვადასხვა ფერის ფურცელზე, დავჭრით ზოლებზე და ჯგუფებს ან წყვილებს ვაძლევთ ასაწყობად. მოსწავლეებს ვაძლევთ ინსტრუქციას და დროს. აღნიშნული პაზლის ასაწყობად საკმარისია 10-15 წუთი. პაზლის აწყობის გასაღებია მიღებული პირამიდის წვეროები. კარგად დააკვირდით მეოთხე სქრინს, წვეროებზე არსებულ პატარა სამკუთხედებში მხოლოდ ერთი სახის ინფორმაციაა შეტანილი (მოვლენა ან თარიღი), სწორედ აქედან, ნებისმიერი წვეროდან იწყებს მოსწავლე პაზლის აწყობას. მეორე გასაღები ისაა, რომ პირამიდის გვერდებში არსებულ სამკუთხედებზე დატანილია მხოლოდ ორი მონაცემი (მოვლენა და თარიღი) და ერთი გვერდი თავისუფალი აქვს. თუკი მოსწავლე ამ გასაღებს დროულად „მოძებნის“ პაზლის აწყობა ხდება მარტივი. პაზლის გამოყენება ასევე შესაძლებელია ნებისმიერ სხვა საგანშიც. 






Комментариев нет:

Отправить комментарий